ფესტივალი „თბილისობა“ 2019 წლის საუკეთესო საშემოდგომო კვების ფესტივალად დასახელდა. ინფორმაციას ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური ავრცელებს.
Arrival Guide ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი ტურისტული სახელმძღვანელოს Lonely Planet-ის ჯგუფის ელექტრონული გამოცემაა, რომელსაც 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს მოგზაურობის დაგეგმვისათვის.
Arrival Guide მოგზაურებს მოუწოდებს, 2019 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრის პირველი შაბათი-კვირა თბილისში გაატარონ, დაესწრონ სხვადასხვა კონცერტს, ფოლკლორულ წარმოდგენას და რაც მთავარია, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.
Arrival Guide-მა თბილისი ავსტრიის, აშშ-ს და იტალიის გასტრო ფესტივალებთან ერთად გამოარჩია. „თბილისობის“ ფესტივალის მსგავსი ტიპის რეიტინგში დასახელება მნიშვნელოვანია თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისათვის, რადგან დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველობა მრავალფეროვანი და საინტერესო ფესტივალებია.