პარლამენტში სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლეს, რომლებიც საქართველომდე ფეხით ჩამოვიდნენ

13 სექტემბერი, 2019 18:47 საზოგადოება


დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლა, რომლებმაც ფეხით გამოიარეს გზა ფერეიდნიდან საქართველომდე

 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ისტორიული ქართული დიასპორის გამორჩეულ წარმომადგენლებს - სამ ფერეიდნელ ქართველს უმასპინძლა, რომლებმაც 31 დღის განმავლობაში ფეხით გამოიარეს გზა (1450 კმ) ფერეიდნიდან საქართველომდე.
 როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ რაჰიმი (დავითაშვილი) ირანის ისლამური რესპუბლიკის ფერეიდნის რეგიონიდან ისტორიულ სამშობლოში 10 სექტემბერს, წითელი ხიდის გავლით შემოვიდნენ.
 „ეს არის 400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებულთა სამი შთამომავალის უნიკალური და გულწრფელი აქცია, ფეხით დაბრუნებულიყვნენ წინაპრების ფუძეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირანში გადასახლებულმა ქართველებმა ტოპონიმებსაც კი შეუნარჩუნეს სახელები. დღესაც, ირანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქართული ტოპონიმები არსებობს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ფერეიდნული კილო-კავით დღესაც ქართულ ენაზე მეტყველებენ. მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს ასეთი ძალისხმევისა და სიყვარულისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ტარიელ ფუტკარაძეს, რომელიც ამ იდეისა და ღონისძიების სულისჩამდგმელია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


ბოლო სიახლეები