საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი. ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან ორი უმაღლესი სინჯის მედალი ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ) და ლაშა გობაძეს (82 კგ) ანგარიშზეა. ინფორმაცის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი წურწუმია შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. აშკარა უპირატესობით - 9:0 მოუგო ჩინელ ლიგუო საოს, შემდეგ- რუს ვიტალი კაბალოევს - 8:3, ნახევარფინალში 8:0 სძლია იაპონელ შოთა ოგავას, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მასპინძელი ხორლან ჟაკამშა ასევე აშკარა უპირატესობით - 9:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
ფინალამდე ეფექტური გდებებით გაიკვალა გზა 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლაშა გობაძემ. მომავალი ტრიუმფატორი შეჯიბრებაში ასევე მერვედფინალიდან ჩაება. 7:0 მოუგო ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს, შემდეგ - ჩინელ ჰაიტაო სიანს - 9:0, ნახევარფინალში კი უზბეკ ნურბეკ ხაშიმბეკოვს - 3:1. ფინალში გობაძემ აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი 5:3 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შემატა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ბოლოს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ დავით ბედინაძე (60 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ), ეს კი 12 წლის წინათ - 2007 წლის ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა.
საქართველოს ნაკრები ნურსულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ათივე - 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97, 130 წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ორმაგი დატვირთვა აქვს 60, 67, 77, 87, 97, 130 კგ წონებს, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურები თამაშდება. ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია თითოეულ წონაში ექვს საუკეთესოს შორის მოხვედრა.