კატარის ქვიშის I მსოფლიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ANOC-ის (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია) ეგიდით ჩასატარებელი შეჯიბრების თილისმა დელფინი, სახელად დოლფი წარმოადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
თილისმის შემქმნელთა აზრით, საყვარელი და მხიარული დელფინი შესანიშნავად მოერგო ქვიშის ასპარეზობათა კონცეფციას.
„დელფინი ყველაზე ზუსტად ასახავს ოკეანესთან ჩვენს ემოციურ კავშირს. ANOC-ის ქვიშის მსოფლიოს თამაშები სპორტის ჭეშმარიტი დღესასწაულია. მისი განუყოფელი ნაწილი იქნება დოლფი, რომელიც კატარში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ოქტომბერში მიესალმება. თამაშები მხიარულ, მეგობრულ და მშვიდ გარემოში ადამიანების თავშეყრის და სპორტით ტკბობის საშუალებაა. ეჭვი არ მეპარება, რომ მხიარული გუნება-განწყობის შესაქმნელად თავის წვლილს შეიტანს დოლფი,“ - განაცხადა ANOC-ის ტექნიკურმა დირექტორმა ჰაიდერ ფარმანმა.
ქვიშის პირველი თამაშები ჩატარდება 12-16 ოქტომბერს კატარის დედაქალაქ დოჰაში. მედლები გათამაშდება 13 სახეობის 14 დისციპლინაში. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 1200-ზე მეტი ათლეტი, მათ შორის - საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია.