გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

21 სექტემბერი, 2019 20:32 სპორტი



ნურსულთანში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები ათივე წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი, საქართველოს უკვე ჰყავს ჩემპიონი, ბრინჯაოს მედალოსანი და ოლიმპიური ლიცენზიანტი. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ქართველთაგან ყველაზე შორს წავიდა მძიმე წონოსანი გენო პეტრიაშვილი. გორელმა ფალავანმა ფინალამდე გაიკვალა გზა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურიც დაიბევა, იქამდე კი დაამარცხა კოსოვოს, სირიის და უკრაინის წარმომადგენლები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მის მთავარ მეტოქეს, თურქ ოლიმპიურ ჩემპიონს ტაჰა აკგულს დაეჭიდა. პირველი პერიოდში აკგული 4:0 დაწინაურდა, მაგრამ მეორე პერიოდში პეტრიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რასაც თურქმა ორქულიანი ილეთით უპასუხა და კვლავ დაწინაურადა. ორთაბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ქართველმა გიგანტმა კიდევ ორი ქულის აღება შეძლო და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ჩვენს ფალავანთაგან მსოფლიოს სამგზის ჩემპიონობა აქამდე არავის უზეიმია.
გენო პეტრიაშვილის ტრიუმფამდე არაოლიმპიურ 92 კგ წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვებით საქართველოს პირველი ჯილდო მოუტანა ირაკლი მწითურმა. მომავალმა ბრინჯაოსანმა გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახი ნურგალი ნურგაიპულის 2:1 აჯობა. მწითური ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. დაამარცხა უნგრელი და იაპონელი მეტოქეები, მაგრამ ნახევარფინალში ამერიკელ იდენ კოქსთან 0:3 დათმო და რეპეშაჟში ორთაბრძოლის შანსი მიეცა, რაც გამოიყენა კიდეც.
დღესვე ხვალ გასათამაშებელი ოქროს მედლის მოპოვების შესაძლებლობა მოიპოვა ბექა ლომთაძემ (61 კგ). არაოლიმპიური წონის ფინალში გასულ ლომთაძეს ურთიერთობის გარკვევა მოუწევს რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვთან.
ასევე ბრინჯაოს მედლისა და ოლიმპიური საგზურის მოპოვების შესაძლებლობა დაიბევა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ). მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან 0:6 წაგების შემდეგ ოდიკაძეს რეპეშაჟში გამოსვლის შანსი მიეცა. ქართველი ფალავანი აქ კორეელ და უკრაინელ მოჭიდავეებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში მესამე ადგილისთვის ამერიკელ კაილ სნაიდერს შეხვდება.


ყაზახეთი

ბოლო სიახლეები