უნაბი, ზიზიფუსი,
სიცოცხლის ხე, ჩინური ფინიკი (თუმცა, ნამდვილ ფინიკთან საერთო არაფერი აქვს) -
როგორ აღარ ეძახიან ამ მცენარეს, რომელიც ჩინური მედიცინის 12 გამორჩეულად სასარგებლო მცენარეს
შორის მეხუთე ადგილზეა. იაპონელები და ჩინელები ირწმუნებიან, რომ უნაბის
რეგულარულად ჩართვა მენიუში სიცოცხლეს, როგორც მინიმუმი, 20 წლით მაინც
ახანგრძლივებს.
აღმოსავლური
მედიცინა ფართოდ იყენებს უნაბის სასარგებლო თვისებებს. საგულისხმოა, რომ მწიფე
ნაყოფი კუჭის შეკრულობისას გამოიყენება, მკვახე კი, პირიქით - დიარეისას.
უჯრედისით მდიდარი უნაბი წონის კლებასაც უწყობს ხელს და შარდმდენი თვისებითაც
გამოირჩევა.
რას მოგიტანთ
უნაბის მიღება? - ნერვები დაგიწყნარდებათ, კანი და სისხლის შემადგენლობა
გაგიუმჯობესდებათ, იმუნიტეტი და გული გაგიძლიერდებათ, ჰემოგლობინის დონე აგეწევათ, არტერიული
წნევა დაგეწევათ, სისხლძარღვები გაგიმტკიცდებათ, თირკმელები და ღვიძლი
გაგეწმინდებათ, ლიბიდო აგიმაღლდებათ, ძვლები გაგიმაგრდებათ, თქვენი ორგანიზმი
მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლდება...
ეს არასრული სიაა იმ სიკეთისა, რომლის მოტანაც ამ მცენარეს შეუძლია. უნაბი შვებას
გვრის ორგანიზმს ძლიერი სტრესის, დეპრესიის, შფოთვისა და უძილობის დროს. გამხმარი
ნაყოფის ნახარშით მკურნალობენ ანგინას, ბრონქიტს, მშრალ ხველას, პირის ღრუს ანთებით
პროცესებს, შარდის ბუშტის დაავადებებს. გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის.
ჰიპერტონიისას
უნაბის 20 ცალ ნაყოფს დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ იღებენ.
ნაბახუსევზე და
ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციისას შთამბეჭდავ შედეგს იძლევა უნაბის კომპოტი: დაახლოებით
50 ცალი ნაყოფი ხის წვრილი ჩხირით გახვრიტეთ, დაასხით 2 ლ. მდუღარე წყალი და 15
წუთით გააჩერეთ. შემდეგ დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ შაქარი
გემოვნებით. მიიღეთ შეგრილებული.
ყურადღება: ორსულობისას, ლაქტაციის პერიოდში, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში უნაბის
მიღება არ არის სასურველი. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პირებმა,
რომლებსაც დაბალი არტერიული წნევა აქვთ - უნაბი ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო დაბლა
სწევს.
უნაბისგან ჩაის,
სიროფის, კომპოტის, მურაბის დამზადებაც შეიძლება. სხვათა შორის, ცოცხალი ნაყოფი
მაცივარში, ხილისთვის განკუთვნილ განყოფილებაში თითქმის მთელი თვე ინახება.
მართალია, უნაბს მკვეთრად გამოხატული გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს, მაგრამ დღეში მისაღები დოზა საშუალოდ მაინც დაახლოებით 150 გრამია.
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"