პომიდორში ჩაშუშული წიწაკა შესანახად
მასალა:
პომიდორი - 6 კგ.
სამწნილე ან ბულგარული წიწაკა - 3-4 კგ.
ზეთი - 0,5 ლ.
ძმარი - 1 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
ოხრახუში - ერთი მოზრდილი კონა
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
პომიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოვათავსოთ დიდ
ქვაბში და ვადუღოთ 20 წუთი. შემდეგ ვასხამთ ზეთს და კიდევ 15 წუთი ვადუღებთ. ვუმატებთ ძმარსა და შაქარს. კიდევ 10 წუთის დუღილის შემდეგ ჩავყაროთ წიწაკა, რომელსაც
წინასწარ გავრეცხავთ, ყუნწებს მოვაჭრით და ორ-სამ ნაწილად გავჭრით (ბულგარული წიწაკის
შემთხვევაში თესლებს ვაცლით, სამწნილე გრძელ წიწაკას თესლებიანად ვხმარობთ). კარგად
ამოვურიოთ მიღებული მასა და ვადუღოთ კიდევ 10 წუთი. ჩავამატოთ დაჭრილი ოხრახუში და
მარილი. წამოდუღების შემდეგ ჩავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე, 10-15 წუთი კიდევ დავტოვოთ
ქვაბი ცეცხლზე და გამოვრთოთ. ვინც განსაკუთრებით ფრთხილობს კონსერვების მომზადებისას,
ამ დროს დგება ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) დამატების დრო (6-7 დაფქული აბი).
ცხელ-ცხელი მასა ჩავასხათ წინასწარ გასტერილებულ ქილებში
და მჭიდროდ მოვარგოთ ასევე გასტერილებული ხრახნიანი თავსახურები. სტერილიზაცია საჭირო
არ არის. ქილები გადმოვაბრუნოთ, შევფუთოთ სრულად გაცივებამდე და შევინახოთ გრილ ადგილას.
თუ გსურთ, შეგიძლიათ სამწნილე, წითელი და მწვანე ბულგარული
წიწაკა ერთმანეთში შეურიოთ (ჯამში რომ 3-4 კგ გამოგივიდეთ) და სრულიად განსხვავებული
გემოსა და შეფერილობის კერძს მიიღებთ.
გემრიელად მიირთვით...
თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"