2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობას საფრთხე ელის

24 სექტემბერი, 2019 21:51 სპორტი



მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის (RUSADA) სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის მოხსენება, სადაც საუბარია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან იანვარში მიღებულ მონაცემებთან და ინფორმაციებთან შეუსაბამობაზე.
WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონატან ტეილორის განმარტებით, საუბარია რუსეთისგან მიღებულ მონაცემთა ბაზასთან უზუსტობაზე: „ზოგიერთი დოპინგ-სინჯის დადებითი შედეგები გააქრეს. საკითხავია, რატომ ?ჩვენ მათ (რუსულ მხარეს) თავის მართლების შანსს მივცემთ.“
ამასთან, ტეილორი დასძენს, რომ თუ ლაბორატორიის მონაცემების წინასწარ გამიზნული მანიპულირების ფაქტები დამტკიცდება, რუსეთს „მეტად სერიოზული სანქციები ელის“.
შექმნილ ვითარებაში რეალურ საფრთხეს ხედავს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი, რომელიც აღიარებს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის გუნდის მონაწილეობის პერსპექტივა საფრთხეშია.
ერთი სიტყვით, იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება, რომ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზა გაყალბდა, დღის წესრიგში დადგება რუსი სპორტსმენების (განურჩევლად სახეობისა) საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, მათ შორის 2020 წლის ოლიმპიადიდან, მოკვეთის საკითხი.
რუსულ მხარეს WADA-ს კითხვებზე პასუხის გასაცემად სამი კვირა მიეცა.


ტოკიო 2020

ბოლო სიახლეები