საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს

27 სექტემბერი, 2019 13:06 ტურიზმი



პირველად საქართველოში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) და მსოფლიო საქმიანი ტურიზმის ასოციაციის (ICCA) ეგიდით, 2019 წლის დეკემბერში, საერთაშორისო საქმიანი ტურიზმის სემინარი გაიმართება.
საქართველო ღონისძიების მასპინძლად მრავალ ქვეყანას შორის შეირჩა. სემინარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გაეროს მსოფლიო ტურიზმის მხარდაჭერით გაიმართება.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ღონისძიება ბათუმში ჩატარდეს, რაც მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა აჭარაში ზამთრის სეზონზე საერთაშორისო და შიდა ტურიზმის განვითარებისათვის.
ღონისძიების ჩატარების შესახებ დეტალები მადრიდში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა შეხვედრაზე განიხილეს.

„მოხარულები ვართ, რომ ბევრი შრომისა და მონდომების შედეგად საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი საქმიანი ტურიზმის ღონისძიება გაიმართება. ერთის მხრივ ეს დაეხმარება აჭარის რეგიონს და მის პოზიციონირებას, როგორც ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება, მეორეს მხრივ ჩვენ ხელს შევუწყობთ ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ჩვენი საკონვენციო ბიუროს წევრებს რომ სრულიად უსასყიდლოდ დაესწრონ საქმიანი ტურიზმის სემინარს, რომელსაც ICCA და UNWTO მსოფლიო დონის ექსპერტები გაუძღვებიან” განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა

„მიმდინარე წლის დეკემბერში ძალიან საინტერესო სემინარის ჩატარების შესახებ შევთანხმდით, ვფიქრობ ეს კარგი ინსტრუმენტი იქნება, რომ საქართველო წარმოჩინდეს როგორც საქმიანი ტურიზმის კუთხით განვითარებული ქვეყანა. ვფიქრობ ეს სემინარი ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან.“-აცხადებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.


ბათუმი გაერო

ბოლო სიახლეები