15-21 ივნისს იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეული ჩატარდება

16 ივნისი, 2020 14:32 კულტურა



15-21 ივნისს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით იმართება იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეული. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელი კვირეული ტარდება ონლაინ რეჟიმში, რადიო-ტელევიზია RAI-ს მხარდაჭერით.

კვირეულის ფარგლებში პორტალზე #RaiPlay (https://www.raiplay.it/fare-cinema/) განთავსდა იტალიური ფილმები, მასტერკლასები, კინოკრიტიკოსების მიმოხილვები და ვიდეოგაკვეთილები ინგლისური, ფრანგული და ესპანური სუბტიტრებით.

წლევანდელი კვირეული ეძღვნება 2 დიდ იტალიელ კინოხელოვანს - ფედერიკო ფელინისა და ალბერტო სორდის, რომელთა დაბადებიდან წელს ასი წელი შესრულდა. ფელინისა და სორდის შემოქმედებისა და იტალიური კინემატოგრაფის შესახებ თქვენ გელით ჯანი კანოვასა და ჯანფრანკო ანჯელუჩის სამი მასტერკლასი.

კინო სიყვარული, ვნება და თავდაუზოგავი შრომაა. კვირეული ასევე ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენელს (რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს და სხვა), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია.

პორტალზე შეგიძლია ნახოთ შემდეგი ვიდეოგაკვეთილები:

• კინოწარმოების მენეჯერი (ბეატრიჩე კრუგერი, ლილია ტრაპანი, ბარბარა ჯორდანი);
• კინოპროფესიები (ენცო დე კამილისი);
• პროდიუსერი (კორადო ტრიონფერა);
• კინოდოკუმენტალისტი (პიერო კანიცარო);
• კომპოზიტორი (რიკარდო ებერშპახერი, სტეფანო რეალი, პაოლო ვივალდი);
• კოსტიუმების მხატვარი (კარლო პოჯოლი, იზაბელ კაიო, ევა კოენი);
• სცენარისტი (სილვია სკოლა);
• სცენოგრაფი (მარკო დენტიჩი);

პორტალზე #RaiPlay ასევე ხელმისაწვდომია თანამედროვე იტალიური სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

წყარო:

GNFC - Georgian National Film Center

იტალია

ბოლო სიახლეები