ტოკიო-2020-ის უმთავრესი არენა 90 პროცენტით დასრულებულია

12 ივლისი, 2019 00:17 სპორტი


2020 წლის ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენის - ტოკიოს ეროვნული სტადიონის მშენებლობა 90 პროცენტით დასრულებულია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონია შედგება 21 დეკემბერს. 
„ფასადური სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებით და აღჭურვილობის მოწყობით ვართ დაკავებული. მოედანი და სარბენი ბილიკები რამდენიმე კვირაში იქნება მზად,“ - განაცხადა ეროვნული სტადიონის განვითარების დირექტორმა ტაკეო ტაკაჰასიმ.
ოსალოდნელია, რომ პირველ დღეებში სტადიონზე სტუმრობა ყველა მსურველს შეეძლება. ტოკიო-2020-ის უმთავრესი არენა, რომელიც 68 ათას ადამიანს იტევს, უმასპინძლებს ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს, საფეხბურთო ტურნირის მატჩებს და მძლეოსანთა შეჯიბრებებს. 
ეროვნული სტადიონი დაპროექტებულია კენგო კუმას მიერ. სტადიონის საშენ მასალად გამოყენებულია იაპონიის ყველა - 47 პრეფექტურიდან აღებული მერქანი. 
საინტერესოა, რომ ტოკიოს ეროვნული სტადიონის არქიტექტორის კარიერა მნიშვნელოვანად განსაზღვრა 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა. კერძოდ, ამ თამაშებისთვის კენძო ტანგეს ნახაზებით შექმნილი საცურაო აუზი და კალათბურთის დარბაზი ერთგვარ შთაგონებად იქცა 10 წლის კენგო კუმასთვის, რომელმაც საკუთარი მომავალი არქიტექტურას დაუკავშირა.


ტოკიო 2020

ბოლო სიახლეები