ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება საცობებთან ბრძოლის ოპტიმალურ საშუალებებს ეძებენ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. სიცხესთან ერთად, იაპონიის დედაქალაქის ქუჩების გადატვირთულობა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება.
ექსპერტთა გათვლებით, ტოკიოს ქუჩები ოლიმპიური თამაშებისას თითქმის ორჯერ გადაიტვირთება, რამაც, შესაბამისი ზომები თუ არ გატარდა, შესაძლოა სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიოს.
ქალაქის ხელისუფლების თავდაპირველი გეგმა ტოკიოში და მის შემოგარენში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას ითვალისწინებდა. დღესდღეობით, 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლები განიხილავენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, მატარებელი, ბორანი) სიხშირის გაზრდის შესაძლებლობას, ავტომაგისტრალზე გასვლის საფასურის გაზრდას და ტოკიოს რიგი სამსახურების თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური გრაფიკის შემოღებას (შვებულების შეთავაზება ან დისტანციურად მუშაობა).
მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში იაპონიის მთავრობა ოლიმპიური თამაშებისთვის გაუმჯობესებულ სატრანსპორტო გარემოსთან დაკავშირებით დასკვნით პროექტს წარმოადგენს.