შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი დაიწყო. ტურნირში საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელარუსის, გერმანიის, ისრაელის, რუსეთის, საბერძნეთის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ტურნირის პირველ დღეს გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე დაესწრნენ.
გახსნის ცერემონიის შემდეგ ფინალური შეხვედრები ჩატარდა. +100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული 2019 წლის ევროპული თამაშების ჩემპიონი და 2018 წლის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში ბექა ბერძენიშვილი გახდა. ბერძენიშვილმა ფინალში ბელარუსის წარმომადგენელი დაამარცხა.
არჩილ ჩოხელის საერთაშორისო ტურნირი 2014 წლიდან ტარდება, 2016 წლიდან კი შეტანილია სამბოს საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში.
წელს შეჯიბრებები მამაკაცთა შორის 9 წონით კატეგორიაში ტარდება. ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.