ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჯამბაზიშვილმა

მათ ხაზი გაუსვეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეში.
საღამოს ფარგლებში, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა და საქართველოს ელჩმა ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის თავმჯდომარეს, ომერ ფარუქ დემირთაშს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ამასთან, ფესტივალის ფარგლებში, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციაში ჩატარდა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება 1936-2003 წლებში თურქეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს, მთარგმნელს, პოეტსა და პუბლიცისტს ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძეს).

ფესტივალზე საქართველოდან ჩამოსულმა ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები.
ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.