თელავის ისტორიულ მუზეუმში ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების გამოფენა „ნახატების ენა“ გაიხსნა

20 სექტემბერი, 2019 20:39 კულტურა



თელავის ისტორიულ მუზეუმში ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების გამოფენა „ნახატების ენა“ გაიხსნა.

გამოფენა საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიედრიუს პეოჯუნასმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა გახსნეს.

ღონისძიებაზე ლიეტუვის ელჩმა გამოფენის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება.
გამოფენა გამოხატავს ორი ქვეყნის ხელოვნებაში არსებულ ძირითად ტენდენციებს და აჩვენებს ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორების სტილისა და მხატვრული იდიომების მრავალფეროვნებას.

"გამოფენა წარმოადგენს ლიეტუველი და ქართული შემოქმედების ერთგვარ შერწყმას, რომელიც წარმოაჩენს, თუ რამდენად ახლოს არიან ჩვენი ერები ერთმანეთთან და როგორი ერთნაირი იდეები გვაქვს. გამოფენა ერთგვარი სარკმელია ორი ერის თანამედროვე საბავშვო წიგნებში და მათ ილუსტრაციებში. დამთვალიერებელს აქვს საშუალება ნახოს, თუ როგორ ხდება მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების ინტეგრირება წიგნებში და როგორი კავშირი აქვთ მათ ტექსტთან. მადლიერი ვარ სახელმწიფო რწმუნებულის, იარაკლი ქადაგიშვილის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების. მოვუწოდებ ყველას, ვინც მუზეუმში მოვა, დაათვალიეროს ეს არაჩვეულებრივი გამოფენა", - განაცხადა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასმა.

ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების გამოფენა, სადაც 85 ნახატია წარმოდგენილი, თელავის ისტორიულ მუზეუმში 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის ორგანიზატორები და პარტნიორები არიან: ვილნიუსის გრაფიკული ხელოვნების ცენტრი, სტუდია ,,ილუსტრატორი“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია და თელავის ისტორიული მუზეუმი.


ლიეტუვა მხატვრობა

ბოლო სიახლეები