შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-მა 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა. მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.
ანო ვარდოშვილი, 14 წლის - ანომ, 112-ში დარეკვით, გადაარჩინა საკუთარი ბაბუა, რომელსაც მწვავე ინფარქტი აღენიშნებოდა.
მათე ნაჭყებია, 11 წლის - მათემ დარეკა 112-ში და გადაარჩინა უცხო ადამიანი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა.
ლუკა ფანჩულიძე, 14 წლის - ლუკამ, 112-ში დარეკვით, იხსნა საკუთარი ბებია მაღალი წნევისგან გამოწვეული საშიშროებისგან.
ლიზი აკოფოვი, 11 წლის - ლიზიმ, 112-ში დარეკვით, იხსნა საკუთარი ბებია გულის უკმარისობით გამოწვეული საშიშროებისგან.
პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.