ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ახალი ჭაბურღილი აშენდება

17 ივნისი, 2020 12:08 საზოგადოება


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭიაურის, ჰერეთის კარისა და თამარიანის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ახალი ჭაბურღილი აშენდება.   შედეგად, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 1200-მდე ადამიანს წყალმცირობის სეზონზე, დებიტის სიმცირით გამოწვეული წყალმომარაგების პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება.

შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოცხადებული ტენდერი დაასრულა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კონტრაქტორმა 75 დღეში უნდა დაასრულოს.

კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მიმდინარე წლის თებერვალში იმყოფებოდა და წყალმომარაგების კუთხით მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

კომპანიის ხელმძღვანელის დავალებით, ლაგოდეხში ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა და ადგილზე შეისწავლა არსებული ჭაბურღილების მდგომარეობა, საიდანაც ხდება სოფლების წყლით მომარაგება. ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე წყალმომარაგების კომპანიამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გაატარა.


წყარო:

United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია

ბოლო სიახლეები