NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD - „ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურით დაიწყეთ“

23 ივნისი, 2020 14:08 საზოგადოება



„ბათუმი - არომატების სუფრა“- ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბეჭდური გამოცემა NATIONAL GEOGRAPHIC TRAVELLER FOOD აქვეყნებს. სტატიის ავტორი ბრიტანელ მკითხველს ურჩევს მრავალფეროვანი ქართული სამზარეულოს გაცნობა აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებით ბათუმიდან დაიწყოს.

„საქართველოს კულინარიულ რუკაზე გაგნებისათვის, დაიწყეთ ბათუმით - სახასიათო, საპორტო ქალაქით, სადაც მნახველებს შეუძლიათ დაისვენონ შავი ზღვის პლაჟებზე, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნების სივრცეები და დატკბნენ ძველი ქალაქის არქიტექტურული სილამაზით. ასევე, არ დაგავიწყდეთ ბათუმის კაფეებისა თუ მეღვინეობების სტუმრობა და არ გამოტოვოთ აჭარულ სამზარეულოზე სპეციალიზირებული რესტორნები. აჭარის რეგიონის სამზარეულოს გამორჩეული მაგალითია აჭარული ხაჭაპური - ყველითა და ზედწამოსკუპებული კარაქით გაჯერებული ნავის ფორმის პური, რომელსაც გვერდები უნდა მოატეხოთ, გულში ჩააწოთ და ისე მიირთვათ ცხლად.”

ბრიტანეთში წამყვანი ბეჭდური გამოცემა კულინარიული გიდის ფუნქციას ითავსებს. სრული სიცხადით აღწერს გემოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულიდან, რასაც თან ურთავს ულამაზეს, მადისაღმძვრელ ფოტოებსა და რეცეპტებს. ქართულ სამზარეულოზე გამოცემა წერს, რომ ის პოპულარობის ზენიტშია და მისი აღმოჩენისთვის საუკეთესო ადგილი სწორედ საქართველოა.


წყარო:

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department


ბათუმი

ბოლო სიახლეები