თელავში საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები დაიწყო

24 ივნისი, 2020 14:16 საზოგადოება



გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები დაიწყო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. დღეის მდგომარეობით, ქალაქ თელავში, 5 საცხოვრებელი კორპუსის ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები უკვე დასრულდა.

თელავში არსებული წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება ბინების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდებათ.
პროექტის განხორციელებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
"წყალი არის ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა კახეთისთვის, კონკრეტულად, ქალაქი თელავისთვის, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეტაპობრივად ეს პრობლემა სრულად იქნას აღმოფხვრილი და მოსახლეობამ 24 საათის განმავლობაში სასმელად ვარგისიანი წყალი მიიღოს. ერთ- ერთ ყველაზე პრობლემურ უბანს წარმოადგენდა ალაზანი- კავკასიონი, სადაც მრავალსართულიანი სავხროვრებლებია, აქ წყალი მუდმივად ჭირდა. დღეს, ინტენსიურად მიმდინარეობს გამრიცხველიანების სამუშაოები. ამავდროულად, წყლის სამუშაოების დასრულებასთან ერთად, დაიწყება ეზოებისა და მისასვლელი ქუჩების მოწესრიგება"-აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
"თელავში წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარეობს მრავალსართულიანი ბინების გამრიცხველიანების პროცესი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ ლარზე მეტს. ამ დროისთვის დასრულებულია ხუთი მრავალბინიანი კორპუსის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პროცესი ოქტომბრის თვეში დასრულდება"- აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.

წყარო:

კახეთის მხარე



ბოლო სიახლეები