საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში განცხადებას აქვეყნებს:
"იტალიის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული 14 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის, იტალიაში მოგზაურობა ნებადართული ხდება!
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილების თანახმად, იტალიაში შესვლა ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ნებადართულია ევროკავშირის მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის, ასევე, მათი ახლო ნათესავებისთვის (მეუღლე, პარტნიორი, 21 წლამდე ასაკის შვილები, მათთან მცხოვრები მშობლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნათესავები).
1 ივლისიდან, იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა, ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებსაც!
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული ნორმატივის თანახმად, საქართველოდან შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 14 დღიანი თვითიზოლაცია.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდის სექციას "ხშირად დასმული კითხვები" :
https://www.esteri.it/…/focus-cittadini-italiani-in-rientro…
თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის (სრული ჩამონათვალი იხ. სექციაში "ხშირად დასმული კითხვები"). ამავე სექციიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ იტალიაში შესვლის შემთხვევაში გადაადგილების დასაბუთებისთვის საჭირო ავტო-დეკლარაციის ანკეტა.
https://www.esteri.it/…/modulo_rientro_da_estero_30giu20.pdf
ვინაიდან, ჯერჯერობით შეჩერებულია პირდაპირი ფრენები იტალიასა და საქართველოს შორის, და შესაძლოა იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა მოგიხდეთ სხვადასხვა ავიაკომპანიების მეშვეობით, გაითვალისწინეთ, რომ თან უნდა იქონიოთ ავტო-დეკლარაციის შევსებული ანკეტის რამდენიმე კოპია, საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად.
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მოგიწოდებთ, იტალიაში გამგზავრებამდე გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს. საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომრებზე:
+39 333 8879123 +39 350 1483114