დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ორგანიზმზე ტყვიის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების რეკომენდაციებით მიმართავს:
"ძვირფასო მშობლებო/მეურვეებო,
თუ თქვენი შვილის, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 10-30 მკგ/დლ-ის ფარგლებშია. აღნიშნული შედეგი მიუთითებს, რომ ტყვიით ექსპოზიციის მომატებული დონე თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ რისკებს ქმნის. აქედან გამომდინარე, ბავშვის ჯანმრთელობის უკეთ შესწავლისა და მისი ტყვიის ზემოქმედებისგან დაცვის მიზნით, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
· ვიზიტი პედიატრთან ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების, კვებითი სტატუსის და რკინის დეფიციტის რისკის შეფასების მიზნით 1-2 კვირის განმავლობაში;
· პედიატრის რეკომენდაციით ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების მიღება;
· საცხოვრებელი გარემოს შეფასება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრის სპეციალისტების მონაწილეობით, ტყვიის ზეგავლენის პოტენციური წყაროს/წყაროების იდენტიფიცირების მიზნით.
ყველა ზემოაღნიშნულ კონსულტაციისა და კვლევის ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
მნიშნველოვანია, იცოდეთ:
ტყვიის ექსპოზიციის შესაძლო წყაროები:
გარემო, რომელშიც ბავშვი იმყოფება, შესაძლებელია, ტყვიის ზემოქმედების სხვადასხვა წყარო არსებობდეს, როგორიცაა: ტყვიის შემცველი საღებავებით დაფარული საგნების ზედაპირები, ნიადაგი, მტვერი და სამომხმარებლო პროდუქტები. ბავშვზე ტყვიის ზეგავლენა შესაძლებელია მოხდეს გადაცემის სხვადახვა გზით - შესუნთქვით და ჩაყლაპვით. ტყვია შესაძლოა, ასევე, მოხვდეს ჩვილის ორგანიზმში ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.
ტყვიით ექსპოზიციის შედეგები ხშირად შეუმჩნეველია და მკურნალობის გარეშე რჩება. აქედან გამომდინარე, მისი ზემოქმედების ადრეული გამოვლენა და პრევენცია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის,უმნიშნველოვანესია.
ტყვია გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ განვითარებაზე, რაც აისახება შემეცნებით (სწავლების) უნარებზე და სასკოლო მოსწრებაზე. ტყვიამ, ასევე, შეიძლება გავლენა მოახდინოს სმენაზე, ქცევაზე, ზრდასა და ინტელექტუალურ განვითარებაზე, კერძოდ:
ტყვიით ექსპოზიციასთან დაკავშირებული ძირითადი სიმპტომებია:
· სწავლის უნარის დაქვეითება;
· დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის შეფასების ტესტებში;
· ზრდისა და განვითარების პროცესის დარღვევა;
· ყურადღებისა და კონცენტრირების პრობლემები;
· მეტყველების პრობლემები;
· დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში;
· კოორდინაციის დარღვევები;
· ქცევითი პრობლემები;
· ჰიპერაქტიულობა.
მნიშნველოვანია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
· ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს ტყვიისშემცველი საღებავის ანაფხეკთან და ამგვარი საღებავებით შეღებილ ზედაპირებთან;
· რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ სათამაშოები;
· რეგულარულად დაასუფთავეთ ოთახები სველი წესით;
· ნუ მიმართავთ ხალხურ მედიცინას;
· ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს შვილს ხელი არ მიუწვდებოდეს კოსმეტიკურ საშუალებებთან;
· მოარიდეთ ბავშვები იმ ადგილებს, სადაც მიმდინარეობს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები;
· განაცალკევეთ საცხოვრებელი/სათამაშო სივრცე ტყვიის ცნობილი წყაროებისაგან;
· არ მიაკაროთ ბავშვები ნაგავსაყრელებს;
· ყურადღება მიაქცეთ, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ კონტაქტი ნიადაგთან (არ ითამაშონ მიწით/მიწაში). თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ისინი სპეციალური სათამაშო ქვიშის ყუთებით, ან მოაწყვეთ მიწის ზედაპირის საფარი ბალახით/ხის ნაფოტით;
· არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით;
· ყურადღება მიაქცეთ, რომ ბავშვმა მიიღოს რკინით, კალციუმითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები;
რჩევები კვების შესახებ:
კალციუმი ამაგრებს ძვლებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ტყვია. კალციუმით მდიდარი საკვებია:
· რძე და რძის პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი და ყველი;
· მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა: კომბოსტო, თალგამი, მდოგვი და მწვანილი;
· კალციუმით გამდიდრებული საკვები, როგორიცაა ფორთოხლის წვენი, სოიოს რძე და ტოფუ;
· დაკონსერვებული ორაგული ან სარდინები.
· რკინა, ასევე, ხელს უშლის ტყვიის შეწოვას ორგანიზმში; ეცადეთ მიიღოთ რკინით მდიდარი საკვები:
· მჭლე წითელი ხორცი;
· რკინით გამდიდრებული მარცვლეული, პური და მაკარონი;
· გამომშრალი ხილი, როგორიცაა ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი;
· ლობიო და ოსპი.
· C ვიტამინი ორგანიზმს ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში და ასევე, შესაძლოა, გამოდევნოს ტყვია. C ვიტამინით მდიდარი საკვებია:
· ციტრუსები, როგორიცაა ფორთოხალი და გრეიფრუტი;
· სხვა ხილი, როგორიცაა კივი, მარწყვი და ნესვი;
· პომიდორი;
· კარტოფილი;
· წიწაკა.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ დაავადებათა კონტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს: www.ncdc.ge, ან დარეკოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე: 116 001.