საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებად რუსეთი ღვინისა და წყლის შეტანისა და ფულადი გზავნილების აკრძალვას განიხილავს

9 ივლისი, 2019 14:38 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციების შესახებ განცხადება მიიღო. „სისტემატურ არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სათათბირო რუსეთის ფედერაციის მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, საქართველოს წინააღმდეგ საგანგებო ეკონომიკური ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს, რომლებიც გათვალისწინებულია ფედერალური კანონით „საგანგებო ეკონომიკური ზომებისა და იძულებითი ღონისძიებების შესახებ“, შესაბამისი წინადადებები კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს წარუდგინონ“, ნათქვამია დოკუმენტში. 


„დაუშვებლად მივიჩნევთ შეურაცხყოფას ჩვენი ქვეყნის მისამართით, მუქარას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ჩვენი პრეზიდენტის შეურაცხყოფას“, - აღნიშნა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა სხდომაზე. მან განმარტა, რომ საუბარია, უპირველესად, რუსეთში ქართული ღვინისა და წყლის შეტანაზე, ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გადარიცხვაზე. მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობის მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილს იკავებს. ბოლო ორი წლის მანძილზე გადარიცხვების მოცულობა ერთნახევარჯერ გაიზარდა და გასულ წელს 642 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „ეს ძალიან დიდი თანხაა. ამ გადარიცხული ფულის რაოდენობა რომ იმ შემოსავალს მივუმატოთ, რომელსაც საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე ღვინისა და წყლის გაყიდვით, ასევე ჩვენი ტურისტების ჩასვლით იღებს, გამოვა მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%, რომელსც საქართველო იღებს მთლიანად, როგორც სახელმწიფო“, - განაცხადა ვოლოდინმა.



ღვინო რუსეთი

ბოლო სიახლეები