ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან დაიწყო.
ტრადიციულად, ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრემ და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა ქორეპისკოპოსმა შიო მუჯირმა აღავლინა.
,,გილოცავთ ვლაქერნობის დღესასწაულს, ღვთისმშობლის კალთა ფარავდეს საქართველოს. ყველა მართლმადიდებლისთვის და განსაკუთრებით ზუგდიდელებისთვის ეს დღე განსაკუთრებულია, ვინაიდან ეს უდიდესი სიწმინდე სწორედ ჩვენს ქალაქში ინახება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
საზეიმო მსვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.
მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ კვართის და სხვა სიწმინდეების მოლოცვა.
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.