შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:
"თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მთელი ღამის განმავლობაში შემოსულია 30 შეტყობინება, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის და სახურავების დაზიანების შესახებ. ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.
გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, 20 შეტყობინება დაფიქსირდა ბათუმში, სადაც წყალი ჩავიდა სარდაფებში და დაიტბორა ეზოები. ასევე, დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. დაშავებული არავინაა.
ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის ან ნალექის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შემოსულა.