ქირურგი განმარტავს, იწვევს თუ არა მზესუმზირა აპენდიციტის განვითარებას

24 აგვისტო, 2019 14:26 მედიცინა


წყარო: РИА новости


„მზესუმზირის მარცვლების ხშირად მირთმევა აპენდიციტის განვითარებას ვერ გამოიწვევს. დღეისათვის მტკიცებულებები იმისა, რომ ცხოვრების წესი, ფიზიკური დატვირთვა, ფსიქოლოგიური პრობლემები ან დიეტური ჩვევები რაიმენაირად აისახება ამ დაავადებაზე, არ არსებობს“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ქირურგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის აბდომინალური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანდრეი კრიგერი.

„მზესუმზირა აპენდიციტის განვითარების პროვოცირებას ვერ მოახდენს. მათ შორის არანაირი კავშირი არ არსებობს“, - აღნიშნა მან ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, აპენდიციტის განვითარების რისკის მომმატებელი ფაქტორები საერთოდ უცნობია.

მამაკაცებსა და ქალებში აპენდიციტი დაახლოებით თანაბრად გვხვდება, თუმცა, მანდილოსნების შემთხვევაში ის ხშირად გინეკოლოგიურ დაავადებებში ერევათ. ხანდაზმულ ადამიანებს აპენდიციტი იშვიათად ემართება. კრიგერის თქმით, ეს უმთავრესად შრომისუნარიანი ასაკის პირთა დაავადებაა.

ექიმი აღნიშნავს, რომ თუ დიაგნოზი უდავოა, მაშინ ოპერაცია აუცილებელია, რადგან აპენდიციტის ანტიბიოტიკებით განკურნვა შეუძლებელია.  ამასთანავე, დაუშვებელია ჭიაყელა დანამატის აპენდიქსის ამოკვეთა პროფილაქტიკური თვალსაზრისით, რადგან ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა გართულებების რისკს შეიცავს.

„აპენდექტომია - ჭიაყელა დანამატის ამოკვეთა არც ისეთი მარტივი ოპერაციაა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. მაგალითად, თითქმის ყოველთვის გარდაუვალია შეხორცებების წარმოქმნა, რომელიც ნაწლავურ გაუვალობას და მუცლის ღრუს შეხორცებით დაავადებას იწვევს. გარდა ამისა, ჭიაყელა დანამატში განთავსებულია ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს ადამიანის საერთო იმუნოლოგიურ სტატუსში“, განმარტავს სპეციალისტი.

მისი თქმით, XX საუკუნის 50-60-იან წლებში აშშ-ში ახალშობილებს პროფილაქტიკისთვის აპენდიქსს აჭრიდნენ, თუმცა, მოგვიანებით ამ პრაქტიკაზე ხელი აიღეს.

აპენდიციტის ვერაგობა იმაშია, რომ მისთვის დამახასიათებელი ტკივილი გაუსაძლისი  არ არის, ბევრი ავადმყოფი ითმენს მას და ექიმს დროულად არ აკითხავს, დასძენს კრიგერი.

 

 


ბოლო სიახლეები