მეცნიერებმა წითელი ღვინის კიდევ ერთი მოულოდნელი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

29 აგვისტო, 2019 17:16 მედიცინა



წყარო: РИА новости


წითელი ღვინო დადებითად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორასა და წონაზე, ასევე ეხმარება ორგანიზმს „ცუდი“ ქოლესტერინის დონის დაწევაში - ინგლისელი და ბელგიელი მეცნიერების ჯგუფის დასკვნა ლონდონის სამეფო კოლეჯის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელშიც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ნიდერლანდების 3 000-მდე მკვიდრი მონაწილეობდა, მკვლევარებმა ადამიანის ორგანიზმზე წითელი და თეთრი ღვინის, ლუდის, სიდრისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ზეგავლენა შეისწავლეს. კვლევისას გაითვალისწინეს მოხალისეთა ასაკი, წონა, კვების რაციონი და სოციალურ-ეკონომიკური მახსიათებლები.

როგორც გაირკვა, წითელი ღვინის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ნაწლავების მიკროფლორაში სასარგებლო ბაქტერიების დიდ რაოდენობასთან, რაც ჯანმრთელობის მაჩვენებლად მიიჩნევა. მეცნიერების აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ სასმელი დიდი რაოდენობით შეიცავს პოლიფენოლებს - დამცავ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც მიკროორგანიზმებისათვის საწვავის როლს ასრულებს და ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა.

„დიდი ხანია ვიცით, რომ წითელ ღვინოს გულისთვის აუხსნელი სარგებლობა მოაქვს, ეს კვლევა კი გვიჩვენებს, რომ ამ სასმელის ზომიერი მიღება ნაწლავების გაცილებით მრავალფეროვანი და ჯანსაღი მიკროფლორის საწინდარიც ყოფილა“, - აღნიშნავს ნაშრომის მთავარი ავტორი, ექიმი კეროლაინ ლე როი.

გარდა ამისა, კვლევამ დაადგინა, რომ წითელი ღვინო წონის შეარჩუნებას და ქოლესტერინის „ცუდი“ ფორმის დონის შემცირებასაც უწყობს ხელს. ლე როის განმარტებით, სასმელის დადებითი ეფექტი რომ თვალსაჩინო გახდეს, ამისთვის საკმარისია ორ კვირაში ერთხელ მისი ზომიერი რაოდენობით მიღებაც კი.

 


ღვინო

ბოლო სიახლეები