Microsoft-ის რევოლუციური ტექნოლოგიის - HoloLens გამოცდა ტექნოპარკში დღეიდან უკვე შესაძლებელია

2 ოქტომბერი, 2019 19:56 ტექნოლოგიები



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში Microsoft-ის რევოლუციური ტექნოლოგიის HoloLens- ის პრეზენტაცია გაიმართა. მოწყობილობის ჩამოტანა ბლოგ MSinfo-ს ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Microsoft-ის პარტნიორი კომპანია „სმარტ ბიზნეს ჯორჯიას“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი და მისი გამოცდის შესაძლებლობა დეველოპერებსა თუ უბრალოდ ტექნოლოგიურ ენთუზიასტებს ტექნოპარკში 15 დღის განმავლობაში ექნებათ.

HoloLens არის ახალი თაობის კომპიუტერი, რომლის გამოყენებისას არ არის საჭირო არც ეკრანი, არც მაუსი ან კლავიატურა, არამედ მხოლოდ სათვალე, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია, ჩვენი გარემო სამუშაო თუ გასართობ სივრცედ ვაქციოთ.

გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეებისგან განსხვავებით, HoloLens- ი საკუთარ პროცესორზე მუშაობს. ეს კი ნიშნავს, რომ მის მომხმარებელს Windows 10-ის ნებისმიერი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ სათვალის გამოყენებით შეუძლია. ტექნოლოგიას იყენებენ მედიცინაში, ავტოწარმოებასა თუ განათლებაში, თუმცა, მისი პოტენციალი ყველა სფეროში ცალსახაა.

HoloLens-ზე დეველოპერები და ინჟინრები სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს უკვე ტესტავენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გამოგონება ეხება მხედველობის და ამავდროულად სმენის არმქონე ადამიანებისთვის გადაადგილების გამარტივებას. HoloLens-ში გამოყენებული ტექნოლოგიები, სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა დეველოპერებს, პრაქტიკულად, უსაზღვრო შესაძლებლობებს აძლევს.


ბოლო სიახლეები