ოზურგეთის 49 დასახლებული პუნქტი სწრაფ ინტერნეტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მიიღებს

23 ივლისი, 2020 14:01 ტექნოლოგიები







ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში პირველი საპილოტე რეგიონი ოზურგეთი იქნება, სადაც ქსელის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

„რამდენიმე თვეში ოზურგეთის 49 დასახლებული პუნქტი, სადაც 8 500 ოჯახზე მეტი ცხოვრობს, მაღალი ხარისხის, სწრაფ ინტერნეტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით მიიღებს, რომლის მშენებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„მიღებულია გადაწყვეტილება და ვიწყებთ პირველ საპილოტე პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კონტროლის ქვეშ, ძალიან სწრაფად დასრულდება და შემდეგ გაგრძელდება უკვე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის შექმნა არის ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, „ოუფენ ნეტის“ მიერ განხორციელდება და 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაეწყოს ციფრული ურთიერთობების პლატფორმაზე და გახდეს უფრო მეტად ინტერნეტიზირებული. „უფრო მეტად უნდა შემოვიდეს ელექტრონული სერვისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროსთვის, ბიზნესისთვის, მათ შორის მცირე ბიზნესისთვის, სასტუმროებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ განათავსონ თავიანთი შეთავაზებები ინტერნეტში, ასევე „ფრილანსერებისთვის“ - ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად დასაქმდებიან და შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის სერვისებს ინტერნეტის მეშვეობით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


ბოლო სიახლეები